Thursday, November 11, 2010

"მოლაპარაკებებისა" და "დიალოგობანას" ნაცვლად, საჭიროა ერის ჯანსაღი ძალის მობილიზება

11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არ დათანხმდნენ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური თამაშის იმ წესებს, რომელიც "მოლაპარაკებებსა" და "დიალოგობანაში" გამოიხატება და რეალურად, სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას ემსახურება.

- ამჟამად სააკაშვილის რეჟიმი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს დიალოგს და მოლაპარაკებას ვითომდა საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად. სიმამდვილესი კი, ხელისუფლებამ, მისთვის ჩვეული ცინიზმით, პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მას ისედაც ევალება და მათი შესრულების ვალდებულება კარგა ხანია ნაკისრი აქვს როგორც ჩვენი ხალხის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოების წინაშე, - მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს პეტრე მამარაძე ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისი თქმით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ყოველთვის მხარს უჭერდა პოლიტიკური ბრძოლის ცივილიზებულ ფორმებს და გმობდა ისეთ მეთოდებს, როგორიც იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვა, ქალაქის ცენტრში საკნების დადგმა, გაუთავებელი მიტინგები და ა.შ...

- ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებლად უნდა იყოს შედეგიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წარმართვას აზრი არა აქვს, - აზუსტებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი..

პრესკონფერენციაზე მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ორი წლის წინათ, 2008 წლის სექტემბერში, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს "ვარდების რევოლუციაზე უფრო მძლავრი დემოკრატიზაციის პროცესის" დაწყებას დაპირდა და აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან, მთელ მსოფლიოს გასაგონად გააკეთა.

- გასული ორი წელიწადი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, დაპირების შესრულების ნაცვლად, დემოკრატიზაციის იმიტაციისა და განუწყვეტელი "დიალოგობანას" ნიღაბქვეშ საკუთარი ძალაუფლების უკანონო გაძლიერებას მოანდომა, -აცხადებს პეტრე მამარაძე.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში კარგა ხნის წინათ მომზადებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხელისუფლებას ოპოზიციასთან ყოველგვარი "დიალოგობანას" გარეშე შეუძლია, მაგრამ ეს არ შედის სააკაშვილისა და მისი რეჟიმის გეგმებში.

- დღევანდელი ხელისუფლების მიზანი სულ სხვაა. მისი ამოცანაა, განუწყვეტელი ,,მოლაპარაკებებისა’’ და ,,დიალოგობანას’’ მეშვეობით დემოკრატიზაციის პროცესის იმიტირება, ყველა სავალდებულოდ მისაღები გადაწყვეტილების გასაღება ოპოზიციასთან მიღწეულ კომპრომისად. მმართველ ძალას სურს, მაქსიმალურად მოიგოს დრო საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის გასამყარებლად, - განმარტავს პარლამენტარი. პეტრე მამარაძეს საგულისხმოდ მიაჩნია ისიც, რომ ახალი კანონპროექტების განხილვაზე საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება იმ დროს, როდესაც უკვე მოქმედი კანონების დიდი ნაწილი საერთოდ არ სრულდება და, ხშირ შემთვევაში, რეჟიმის მხრიდან უხეშად ირღვევა.

- ასეთ პირობებში, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ რომელიმე ახლად მიღებული კანონი შესრულდება. ვთქვათ, შეიძლება შეიცვალა საარჩევნო კოდექსი. მერე რა უნდა მოხდეს? უნდა დაიწყოს ახალი დიალოგი ხელისუფლებასთან მისი შესრულების საკითხზე? - კითხულობს ზურაბ ნოღაიდელის თანამებრძოლი.

პეტრე მამრაძისთვის მრავლისმთქმელია ისიც, რომ ხელისუფლება შეგნებულად არიდებს თავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორიც არის, მაგალითად, არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საეთერო დროზე ლიმიტის დაწესება, ყველა პოლიტიკური პარტიის თანაბრად დაფინანსება და სხვა.

- ქვეყანაში დღეს არსებული საყოველთაო კრიზისის დაძლევა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის იმიტირებით შეუძლებელია. არც იმის იმედი უნდა ჰქონდეს ვინმეს, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი კეთილ ნებას გამოიჩენს და სულ რამოდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირებულ ძალაუფლებას ხალხის სასიკეთოდ დათმობს, - დასძენს პარლამენტარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პრესკონფერენციაზე პეტრე მამრაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენი ერისათვის სასიკეთო ცვლილებების მიღწევა, სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ყველა ჯანსაღი ძალის მობილიზებით და ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

Thursday, July 8, 2010

Партия и движение «За справедливую Грузию» остаются партнерами


Лидер движение «За справедливую Грузию» Зураб Ногаидели принял решение временно, в течение 2-3-месяцев, установить мораторий на переговоры с «Единой Россией» по конкретным вопросам, в частности: о восстановлении регулярных воздушных полётов, о возвращении на российский рынок грузинской продукции, о возвращении беженцев в Кодорское ущелье и Ахалгори, сообщили ER.RU пресс-службе движения

Указанное решение основано на желании, чтобы правительство Грузии без всяких предварительных условий и ультиматумов начало диалог с Россией, и чтобы у режима Саакашвили не было повода говорить, что сотрудничество политической команды Зураба Ногаидели с правящей партией России мешает ему в урегулировании русско-грузинских отношений.

Решение Зураба Ногаидели о введении моратория на переговоры с «Единой Россией» по конкретным вопросам было неправильно интерпретировано в некоторых средствах массовой информации. Они исказили смысл заявления Зураба Ногаидели и представили дело так, будто движение «За справедливую Грузию» прекращает всякие контакты с «Единой Россией» и полностью уступает арену правительству.

Подобная информация не соответствует действительности. Заявляем, что введение моратория на переговоры с «Единой Россией» по конкретным вопросам совсем не означает прекращения всяческих контактов с политической партией-партнёром.

Кроме того, приостановка переговоров между движением «За справедливую Грузию» и «Единой Россией» по конкретным вопросам происходит с тем условием, что при невыполнении президентом Саакашвили инициативы о начале переговоров с Россией (безо всяких предварительных условий и ультиматумов), указанные переговоры будут незамедлительно восстановлены.

Friday, June 25, 2010

ხელისუფლება პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით "ახარისხებს"

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. როგორც 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, მზადება და უკვე ხორციელდება საჯარო სკოლების მასწავლებლების სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლება.

- არჩევნების შემდეგ პედაგოგების მასობრივი დათხოვნა დაიწყო. ეს არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი: სამსახურს შეინარჩუნებენ "ნაცმოძრაობის" ერთგული პედაგოგები, საქართველოს ერთგულ პედაგოგებს კი სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ, - აცხადებს მოძრაობის ლიდერი. იგი ასევე ამბობს, რომ მასწავლებლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არანაირი ნორმატიული აქტი არ არსებობს და ეს ხდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განკარგულების საფუძველზე.

ზურაბ ნოღაიდელისთვის კატეგორიულად მიუღებელია დიმიტრი შაშკინის "არგუმენტი", თითქოს, საქმე ეხება მხოლოდ "პედაგოგებისთვის სრული განაკვეთის შევსებას, რათა მათ მაღალი ხელფასები მიიღონ". მოძრაობის ლიდერის თქმით, თუ ხელისუფლებას მართლა სურს მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება, ამის გაკეთება შესაძლებელია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტოების გაუმართლებლად გაბერილი დაფინანსების შემცირების გზით.

- სექტემბერში, როდესაც პარლამენტში 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა რეალური პრიორიტეტები აქვს ხელისუფლებას, - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.


მოძრაობის ლიდერის განმარტებით, სკოლებიდან იმ ადამიანებს ითხოვენ, ვინც 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას მისცას ხმა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ამ კატეგორიის პედაგოგებს ზაფხულის ხელფასებს მისცემენ და სექტემბრიდან სამსახურს დაატოვებინებენ. მისი გათვლებით, უმუშევრად დარჩენა მასწავლებლების 10-15 პროცენტს ემუქრება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიმართავს პედაგოგებს, "ცხელ ხაზზე" დაუკავშირდნენ მის პარტიულ ოფისს და თითოეული უკანონო ფაქტის შესახებ აცნობონ. ამასთან, ზურაბ ნოღაიდელი მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ერთად აიმაღლონ ხმა პედაგოგების მასობრივი, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის წინააღმდეგ. ამასთან, მოძრაობის ლიდერი იმედოვნებს, რომ, შიშის გამო, სააკაშვილის ხელისუფლება ვერ გაბედავს მასწავლებლების მასობრივ გათავისუფლებას.

პრესკონფერენიაში, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, მონაწილეობდნენ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი პეტრე მამრაძე და ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი.

ამ უკანასკნელის განცხდებით, ხელისუფლებამ პედაგოგების სამსახურიდან დათხოვნის "ეშმაკური და მზაკვრული გეგმა" მოიფიქრა.

- ხელისუფლებას სურს, გამოცდილი პედაგოგების ნაცვლად, სკოლებში "კმარელი" გოგო-ბიჭები შემოიყვანოს, - აღნიშნავს მანანა ნიკოლაიშვილი. მისი განცხადებით, მასწავლებლების სკოლიდან გათავისუფლების გეგმა სააკაშვილის ხელისუფლებას ჯერ კიდევ 6 წლის წინ ჰქონდა მოფიქრებული და დღეს ამ განზრახვის ხორცშესხმა ხდება.

Wednesday, June 23, 2010

ზურაბ ნოღაიდელი მიუნჰენში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ

19 ივნისს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა მიუნჰენში ირაკლი ოქრუაშვილთან და ლევან გაჩეჩილაძესთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ისაუბრა.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მეტიც, – მოძრაობის ლიდერის განცხადებით, თავად ხელისუფლება იქცა მთავარ პრობლემად და წინაღობად საქართველოს განვითარების, ქვეყნის გაერთიანების გზაზე. ზურაბ ნოღაიდელის აზრით, ოპოზიციის შეკავშირების აუცილებლობა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, რომელიც მმართველმა რეჟიმმა გააყალბა და დაწერილი მაღალი პროცენტები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენა.

ასეთ ვითარებაში, მოძრაობის ლიდერს სავსებით ბუნებრივად მიაჩნია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერები მიუნჰენში შეიკრიბნენ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გზების შესახებ იმსჯელეს.

პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს 10 ივნისს მისი და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადებაც შეახსენა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ აუცილებელია დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, აგრეთვე კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის გეგმის შემუშავება.

– საკმარისი არ არის მხოლოდ არსებული რეჟიმის შეცვლა. საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გასწევს რისკს და ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი რაღაც სხვა ხელისუფლებით ჩანაცვლდეს. ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირს და ამას მეც არ გავაკეთებდი, თუ წინასწარ არ მეცოდინებოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში როგორ შეიცვლება რიგითი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ გადაიჭრება ჯანდაცვის პრობლემები, როგორ დამყარდება დემოკრატია და სამართლიანობა, როგორ გამთლიანება ქვეყანა, – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

იგი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შეკავშირებულ და კონსოლიდირებულ ოპოზიციას მეტ-ნაკლებად ერთიანი სტრუქტურები ჰქონდეს, რათა გამოირიცხოს სპონტანური, უთავბოლო მოქმედებები.

მიუნჰენში გამართული პოლიტიკური კონსულტაციებს შესახებ საუბრისას, მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, რომ რაიმე კონკრეტული რეცეპტი ჯერ შემუშავებული არ არის და ეს სულაც არაა ცუდი, უფრო პირიქით, – კარგია.

– ეს არ უნდა იყოს 2-3, ან თუნდაც 4-5 პარტიის გაერთიანება, რომელიც შემდეგ სხვა პოლიტიკურ ძალებს გაუღებს კარს. პირველი და მეორე არავინ არ უნდა იყოს. საქართველოში ეს არ გამოვა. პროცესების ფორსირება საჭირო არ არის. ამიტომ, ჩვენ გულდასმით ვმსჯელობთ და ვაგრძელებთ მსჯელობას, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ოპოზიციური ერთობა, რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს ის. არანაირ მინუსებზე ლაპარაკი არ იქნება – ამან რა შედეგიც მოგვიტანა ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ვინც მოინდომებს ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, ამის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. სტატისტის როლში არავინ არ უნდა ჩავაყენოთ. ხოლო თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ შესაძლო გაერთიანებაში, ამის შესახებ მომავალში თავად პოლიტიკოსები ისაუბრებენ, – განმარტავს ზურაბ ნოღაიდელი.

მისივე თქმით, მიუნჰენში გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო ის, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ოპოზიციური გაერთიანების პლატფორმა. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, ამ საკითხში აჩქარება საჭირო არ არის.

– ყველაფერი კარგად უნდა მოვიქროთ და ავწონ-დავწონოთ, დიდი დრო უნდა დავუთმოთ მოსამზადებელ სამუშაოებს. საჭიროა, მოქმედებები კარგად მომზადებულებმა დავიწყოთ და არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, როდესაც სპონტანურ ქმედებებს წარმატები არ მოჰქონდა, – აღნიშნავს ზურაბ ნოღაიდელი.

მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ საჭირო არ არის ზედმეტი მოლოდინის შექმნა, თითქოს, ოპოზიციური გაერთიანება უკვე შედგა და სამოქმედო გეგმაც არსებობს.

– ჯერ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება და გამოხატოს მზადყოფნა პროცესში მონაწილეობის თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შედგეს ერთიანი მოქმედებების გეგმა, - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

Friday, June 11, 2010

ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის ერთობლივი განცხადება

2010 წლის 30 მაისს გამართულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იბრძვიან მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის და ამ ბრძოლაში ცინიკურად იყენებენ ჩვენი ქვეყნის მთელ რესურსებს. ყველასთვის ცხადი გახდა ისიც, რომ დაქსაქსულ ოპოზიციას არ შესწევს უნარყ, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ რეჟიმს. ოპოზიციის დაქსაქსულობა აწბილებს ჩვენ ხალხს, ნიჰილიზმისა და პასიურობისკენ უბიძგებს ბევრ მოქალაქეს.

დრო კი არ ითმენს. რეჟიმის უგუნური და უკანონო მოქმედების გამო, პარალიზებულია საქართველოს ეკონომიკა, მკვეთრად იმატა უმუშევრობისა და ემიგრაციის დონემ. უპრეცედენტოდ გაზრდილია და კვლავაც იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი. ჩვენი სახელმწიფო, ფაქტობრივად, მიღებული უცხოური დახმარების ხარჯზე არსებობს. Aამ გზაზე გარდაუვალია ეკონომიკური კატასტროფა.

აფხაზებთან და ოსებთან გაუცხოების ყოველი დღე გვაშორებს სანუკვარ მიზანს – საყოველთაო შერიგებას და საქართველოს გამთლიანებას. სააკაშვილს და მის რეჟიმს არ შესწევთ უნარი, გამოასწორონ მათივე უგუნურობით შექმნილი ვითარება.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია:

1. ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და გაერთიანება;

2. ახალმა გაერთიანებამ ქვეყანას და საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა;

3. გაერთიანებას უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრუქტურები;

ჩვენი სახელმწიფოს ნგრევის შეჩერება და შენების დაწყება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა!M
მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიღწევა.


ირაკლი ოქრუაშვილი

ზურაბ ნოღაიდელი

Tuesday, June 8, 2010

დარღვევები დადასტურდა, მაგრამ ამაზე თემიდამ თვალები დახუჭა


3 ივნისს „ეროვნულმა საბჭომ" მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დუშეთის #28 საარჩევნო ოლქში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. „ეროვნული საბჭოს" მოთხოვნით, სასამართლოს სხდომაზე გაიხსნა დალუქული სპეციალური საარჩევნო სიები, რის შედეგადაც, სარჩელში მითითებული დარღვევები, ფაქტობრივად, დადასტურდა.

- მიუხედავად ამისა, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და „ეროვნული საბჭოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამით სასამართლომ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მომხდარი დარღვევები დააკანონა. ამ გადაწყვეტილებას „ეროვნული საბჭო" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თუ ქართულ სასამართლოში სამართალს ვერ ვიპოვით, მაშინ შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებში გავაგრძელებთ ბრძოლას, - აღნიშნა 8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული საბჭოს" კოორდინატორმა საარჩევნო საკითხებში ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოვლენილი ტენდენციურობა გამონაკლისი არ არის. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოებში რამდენიმე ათეული სარჩელია შესული, მაგრამ არ არსებობს არც ერთი გადაწყვეტილება საარჩევნო შედეგების გაბათილების შესახებ.

პრესკონფერენციაზე „ეროვნული საბჭოს" კოორდინატორმა მოითხოვა, რომ ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც დარღვევები გამოვლინდა და მათ შესახებ სასამართლოში სარჩელი შევიდა, საარჩევნო უბნები გაიხსნას და მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა.

Monday, May 31, 2010

ზურაბ ნოღაიდელი 30 მაისის არჩევნებისა და გაკვეთილების შესახებ

ზურაბ ნოღაიდელი 30 მაისის არჩევნებისა და გაკვეთილების შესახებ

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ნოღაიდელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლების მხრიდან ტოტალური წნეხის მიუხედავად, გაბედა და მის პოლიტიკურ გუნდს მისცა ხმა. ზურაბ ნოღაიდელი მადლობას იმ ხალხსაც უხდის, ვინც საქართველოს გამარჯვებისთვის ბოლო თვეების განმავლობაში გმირულად იბრძოდა.

- 30 მაისი, სამწუხაროდ, საქართველოს დამარცხების დღედ იქცა. ჩვენი მთავარი პრობლემების (ქვეყნის გაერთიანება, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, სოციალ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა, სამართლიანობის და დემოკრატიის დამკვიდრება) მოგვარება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ეს არის ამ არჩევნების ყველაზე სამწუხარო შედეგი, - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა. მისივე თქმით, თუ რამეში აჯობა „ნაციონალურმა მოძრაობამ" მის გუნდს, პირველ რიგში, აჯობა ხალხის დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში. ამასთან, „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმასაც აღიარებს, რომ მისი გუნდის მიერ ბოლო ერთი თვის განამავლობაში ჩატარებული საარჩევნო კამპანია მოწოდების სიმაღლეზე არ იყო და ამაზე ძირითად პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ უშუალოდ 30 მაისს განსაკუთრებული მასშტაბის გაყალბება არ მომხდარა, მაგრამ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა ამომრჩეველთა მასობრივი დაშინებით, მოსყიდვითა და უამრავი მანიპულაციით, რაც პირდაპირ აისახა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

- თურმე მოსახლეობის ხმების 60 პროცენტი მიიღო მთავრობამ, რომელმაც წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა 150 ათასი სამუშაო ადგილი, ფეხქვეშ გათელა დემოკრატია და სამართლიანობა... ეს არის ზღაპარი, ასე არ ხდება და, ცხადია, რეალურად ასე არც 30 მაისს მომხდარა. საბოლოო ჯამში, ეს იყო მოსახლეობის დაშინების შედეგი, - აცხადებს „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ლიდერი. იგი, ამავე დროს, ადასტურებს, რომ 30 მაისის არჩევნებში მისი გუნდის მონაწილეობა გამართლებულად მიაჩნია.

როგორც ზურაბ ნოღაიდელი განმარტავს, 30 მაისს დადასტურდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს. ამიტომ, „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მიზანშეწონილად მიიჩნევს უფრო ზუსტი, სწორი და თანმომდევრული მოქმედებების გეგმის შემუშავებას.

- უახლოესი პერიოდი სწორედ ასეთი გეგმის შესამუშავებლად და ბრძოლის გასაგრძელებლად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, 30 მაისი საქართველოს გამარჯვების დასაწყისი გახდება, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა. იგი, ასევე, საჭიროდ მიიჩნევს საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ბოლომდე გარკვევას. მაგალითად, იმის დადგენას, თუ რატომ მოხდა, რომ მეზობელ საარჩევნო უბნებში რადიკალურად განსხვავებული შედეგები იქნა მიღწეული.

მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში ისიც გაირკვევა, რა ფორმით გაგრძედება „ეროვნული საბჭოს" სუბიექტების თანამშრომლობა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შეიძლება ეს იყოს უფრო მჭიდრო ორგანიზაციული კავშირი, თუმცა, შესაძლებელია არსებული ფორმატის შენარჩუნებაც.

- ვიდრე წავალთ სერიოზულ და გადამწყვეტ ბრძოლაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვისთან ერთად მივდივართ, რა გეგმით მივდივართ და რისი მიღწევაა შესაძლებელი. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე, - დაბეჯითებით დასძენს ზურაბ ნოღაიდელი.



პრესცენტრი