Monday, May 31, 2010

ზურაბ ნოღაიდელი 30 მაისის არჩევნებისა და გაკვეთილების შესახებ

ზურაბ ნოღაიდელი 30 მაისის არჩევნებისა და გაკვეთილების შესახებ

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ნოღაიდელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლების მხრიდან ტოტალური წნეხის მიუხედავად, გაბედა და მის პოლიტიკურ გუნდს მისცა ხმა. ზურაბ ნოღაიდელი მადლობას იმ ხალხსაც უხდის, ვინც საქართველოს გამარჯვებისთვის ბოლო თვეების განმავლობაში გმირულად იბრძოდა.

- 30 მაისი, სამწუხაროდ, საქართველოს დამარცხების დღედ იქცა. ჩვენი მთავარი პრობლემების (ქვეყნის გაერთიანება, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, სოციალ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა, სამართლიანობის და დემოკრატიის დამკვიდრება) მოგვარება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ეს არის ამ არჩევნების ყველაზე სამწუხარო შედეგი, - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა. მისივე თქმით, თუ რამეში აჯობა „ნაციონალურმა მოძრაობამ" მის გუნდს, პირველ რიგში, აჯობა ხალხის დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში. ამასთან, „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმასაც აღიარებს, რომ მისი გუნდის მიერ ბოლო ერთი თვის განამავლობაში ჩატარებული საარჩევნო კამპანია მოწოდების სიმაღლეზე არ იყო და ამაზე ძირითად პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ უშუალოდ 30 მაისს განსაკუთრებული მასშტაბის გაყალბება არ მომხდარა, მაგრამ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა ამომრჩეველთა მასობრივი დაშინებით, მოსყიდვითა და უამრავი მანიპულაციით, რაც პირდაპირ აისახა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

- თურმე მოსახლეობის ხმების 60 პროცენტი მიიღო მთავრობამ, რომელმაც წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა 150 ათასი სამუშაო ადგილი, ფეხქვეშ გათელა დემოკრატია და სამართლიანობა... ეს არის ზღაპარი, ასე არ ხდება და, ცხადია, რეალურად ასე არც 30 მაისს მომხდარა. საბოლოო ჯამში, ეს იყო მოსახლეობის დაშინების შედეგი, - აცხადებს „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ლიდერი. იგი, ამავე დროს, ადასტურებს, რომ 30 მაისის არჩევნებში მისი გუნდის მონაწილეობა გამართლებულად მიაჩნია.

როგორც ზურაბ ნოღაიდელი განმარტავს, 30 მაისს დადასტურდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს. ამიტომ, „ეროვნული საბჭოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მიზანშეწონილად მიიჩნევს უფრო ზუსტი, სწორი და თანმომდევრული მოქმედებების გეგმის შემუშავებას.

- უახლოესი პერიოდი სწორედ ასეთი გეგმის შესამუშავებლად და ბრძოლის გასაგრძელებლად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, 30 მაისი საქართველოს გამარჯვების დასაწყისი გახდება, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა. იგი, ასევე, საჭიროდ მიიჩნევს საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ბოლომდე გარკვევას. მაგალითად, იმის დადგენას, თუ რატომ მოხდა, რომ მეზობელ საარჩევნო უბნებში რადიკალურად განსხვავებული შედეგები იქნა მიღწეული.

მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში ისიც გაირკვევა, რა ფორმით გაგრძედება „ეროვნული საბჭოს" სუბიექტების თანამშრომლობა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, შეიძლება ეს იყოს უფრო მჭიდრო ორგანიზაციული კავშირი, თუმცა, შესაძლებელია არსებული ფორმატის შენარჩუნებაც.

- ვიდრე წავალთ სერიოზულ და გადამწყვეტ ბრძოლაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვისთან ერთად მივდივართ, რა გეგმით მივდივართ და რისი მიღწევაა შესაძლებელი. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე, - დაბეჯითებით დასძენს ზურაბ ნოღაიდელი.



პრესცენტრი

No comments:

Post a Comment