Friday, June 25, 2010

ხელისუფლება პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნით "ახარისხებს"

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. როგორც 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, მზადება და უკვე ხორციელდება საჯარო სკოლების მასწავლებლების სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლება.

- არჩევნების შემდეგ პედაგოგების მასობრივი დათხოვნა დაიწყო. ეს არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი: სამსახურს შეინარჩუნებენ "ნაცმოძრაობის" ერთგული პედაგოგები, საქართველოს ერთგულ პედაგოგებს კი სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ, - აცხადებს მოძრაობის ლიდერი. იგი ასევე ამბობს, რომ მასწავლებლების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ არანაირი ნორმატიული აქტი არ არსებობს და ეს ხდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განკარგულების საფუძველზე.

ზურაბ ნოღაიდელისთვის კატეგორიულად მიუღებელია დიმიტრი შაშკინის "არგუმენტი", თითქოს, საქმე ეხება მხოლოდ "პედაგოგებისთვის სრული განაკვეთის შევსებას, რათა მათ მაღალი ხელფასები მიიღონ". მოძრაობის ლიდერის თქმით, თუ ხელისუფლებას მართლა სურს მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება, ამის გაკეთება შესაძლებელია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტოების გაუმართლებლად გაბერილი დაფინანსების შემცირების გზით.

- სექტემბერში, როდესაც პარლამენტში 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა რეალური პრიორიტეტები აქვს ხელისუფლებას, - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.


მოძრაობის ლიდერის განმარტებით, სკოლებიდან იმ ადამიანებს ითხოვენ, ვინც 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას მისცას ხმა. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ამ კატეგორიის პედაგოგებს ზაფხულის ხელფასებს მისცემენ და სექტემბრიდან სამსახურს დაატოვებინებენ. მისი გათვლებით, უმუშევრად დარჩენა მასწავლებლების 10-15 პროცენტს ემუქრება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიმართავს პედაგოგებს, "ცხელ ხაზზე" დაუკავშირდნენ მის პარტიულ ოფისს და თითოეული უკანონო ფაქტის შესახებ აცნობონ. ამასთან, ზურაბ ნოღაიდელი მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ერთად აიმაღლონ ხმა პედაგოგების მასობრივი, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის წინააღმდეგ. ამასთან, მოძრაობის ლიდერი იმედოვნებს, რომ, შიშის გამო, სააკაშვილის ხელისუფლება ვერ გაბედავს მასწავლებლების მასობრივ გათავისუფლებას.

პრესკონფერენიაში, ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, მონაწილეობდნენ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი პეტრე მამრაძე და ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი.

ამ უკანასკნელის განცხდებით, ხელისუფლებამ პედაგოგების სამსახურიდან დათხოვნის "ეშმაკური და მზაკვრული გეგმა" მოიფიქრა.

- ხელისუფლებას სურს, გამოცდილი პედაგოგების ნაცვლად, სკოლებში "კმარელი" გოგო-ბიჭები შემოიყვანოს, - აღნიშნავს მანანა ნიკოლაიშვილი. მისი განცხადებით, მასწავლებლების სკოლიდან გათავისუფლების გეგმა სააკაშვილის ხელისუფლებას ჯერ კიდევ 6 წლის წინ ჰქონდა მოფიქრებული და დღეს ამ განზრახვის ხორცშესხმა ხდება.

No comments:

Post a Comment