Thursday, November 11, 2010

"მოლაპარაკებებისა" და "დიალოგობანას" ნაცვლად, საჭიროა ერის ჯანსაღი ძალის მობილიზება

11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არ დათანხმდნენ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური თამაშის იმ წესებს, რომელიც "მოლაპარაკებებსა" და "დიალოგობანაში" გამოიხატება და რეალურად, სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას ემსახურება.

- ამჟამად სააკაშვილის რეჟიმი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს დიალოგს და მოლაპარაკებას ვითომდა საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად. სიმამდვილესი კი, ხელისუფლებამ, მისთვის ჩვეული ცინიზმით, პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მას ისედაც ევალება და მათი შესრულების ვალდებულება კარგა ხანია ნაკისრი აქვს როგორც ჩვენი ხალხის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მოკავშირე სახელმწიფოების წინაშე, - მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს პეტრე მამარაძე ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისი თქმით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ყოველთვის მხარს უჭერდა პოლიტიკური ბრძოლის ცივილიზებულ ფორმებს და გმობდა ისეთ მეთოდებს, როგორიც იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვა, ქალაქის ცენტრში საკნების დადგმა, გაუთავებელი მიტინგები და ა.შ...

- ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებლად უნდა იყოს შედეგიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წარმართვას აზრი არა აქვს, - აზუსტებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი..

პრესკონფერენციაზე მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ორი წლის წინათ, 2008 წლის სექტემბერში, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს "ვარდების რევოლუციაზე უფრო მძლავრი დემოკრატიზაციის პროცესის" დაწყებას დაპირდა და აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან, მთელ მსოფლიოს გასაგონად გააკეთა.

- გასული ორი წელიწადი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, დაპირების შესრულების ნაცვლად, დემოკრატიზაციის იმიტაციისა და განუწყვეტელი "დიალოგობანას" ნიღაბქვეშ საკუთარი ძალაუფლების უკანონო გაძლიერებას მოანდომა, -აცხადებს პეტრე მამარაძე.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში კარგა ხნის წინათ მომზადებული ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხელისუფლებას ოპოზიციასთან ყოველგვარი "დიალოგობანას" გარეშე შეუძლია, მაგრამ ეს არ შედის სააკაშვილისა და მისი რეჟიმის გეგმებში.

- დღევანდელი ხელისუფლების მიზანი სულ სხვაა. მისი ამოცანაა, განუწყვეტელი ,,მოლაპარაკებებისა’’ და ,,დიალოგობანას’’ მეშვეობით დემოკრატიზაციის პროცესის იმიტირება, ყველა სავალდებულოდ მისაღები გადაწყვეტილების გასაღება ოპოზიციასთან მიღწეულ კომპრომისად. მმართველ ძალას სურს, მაქსიმალურად მოიგოს დრო საკუთარი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის გასამყარებლად, - განმარტავს პარლამენტარი. პეტრე მამარაძეს საგულისხმოდ მიაჩნია ისიც, რომ ახალი კანონპროექტების განხილვაზე საზოგადოების ყურადღების გადატანა ხდება იმ დროს, როდესაც უკვე მოქმედი კანონების დიდი ნაწილი საერთოდ არ სრულდება და, ხშირ შემთვევაში, რეჟიმის მხრიდან უხეშად ირღვევა.

- ასეთ პირობებში, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ რომელიმე ახლად მიღებული კანონი შესრულდება. ვთქვათ, შეიძლება შეიცვალა საარჩევნო კოდექსი. მერე რა უნდა მოხდეს? უნდა დაიწყოს ახალი დიალოგი ხელისუფლებასთან მისი შესრულების საკითხზე? - კითხულობს ზურაბ ნოღაიდელის თანამებრძოლი.

პეტრე მამრაძისთვის მრავლისმთქმელია ისიც, რომ ხელისუფლება შეგნებულად არიდებს თავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორიც არის, მაგალითად, არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საეთერო დროზე ლიმიტის დაწესება, ყველა პოლიტიკური პარტიის თანაბრად დაფინანსება და სხვა.

- ქვეყანაში დღეს არსებული საყოველთაო კრიზისის დაძლევა თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის იმიტირებით შეუძლებელია. არც იმის იმედი უნდა ჰქონდეს ვინმეს, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი კეთილ ნებას გამოიჩენს და სულ რამოდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირებულ ძალაუფლებას ხალხის სასიკეთოდ დათმობს, - დასძენს პარლამენტარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პრესკონფერენციაზე პეტრე მამრაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენი ერისათვის სასიკეთო ცვლილებების მიღწევა, სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ყველა ჯანსაღი ძალის მობილიზებით და ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment