Wednesday, June 23, 2010

ზურაბ ნოღაიდელი მიუნჰენში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ

19 ივნისს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა მიუნჰენში ირაკლი ოქრუაშვილთან და ლევან გაჩეჩილაძესთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ისაუბრა.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მეტიც, – მოძრაობის ლიდერის განცხადებით, თავად ხელისუფლება იქცა მთავარ პრობლემად და წინაღობად საქართველოს განვითარების, ქვეყნის გაერთიანების გზაზე. ზურაბ ნოღაიდელის აზრით, ოპოზიციის შეკავშირების აუცილებლობა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, რომელიც მმართველმა რეჟიმმა გააყალბა და დაწერილი მაღალი პროცენტები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენა.

ასეთ ვითარებაში, მოძრაობის ლიდერს სავსებით ბუნებრივად მიაჩნია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერები მიუნჰენში შეიკრიბნენ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გზების შესახებ იმსჯელეს.

პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს 10 ივნისს მისი და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადებაც შეახსენა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ აუცილებელია დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, აგრეთვე კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის გეგმის შემუშავება.

– საკმარისი არ არის მხოლოდ არსებული რეჟიმის შეცვლა. საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გასწევს რისკს და ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი რაღაც სხვა ხელისუფლებით ჩანაცვლდეს. ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირს და ამას მეც არ გავაკეთებდი, თუ წინასწარ არ მეცოდინებოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში როგორ შეიცვლება რიგითი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ გადაიჭრება ჯანდაცვის პრობლემები, როგორ დამყარდება დემოკრატია და სამართლიანობა, როგორ გამთლიანება ქვეყანა, – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

იგი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შეკავშირებულ და კონსოლიდირებულ ოპოზიციას მეტ-ნაკლებად ერთიანი სტრუქტურები ჰქონდეს, რათა გამოირიცხოს სპონტანური, უთავბოლო მოქმედებები.

მიუნჰენში გამართული პოლიტიკური კონსულტაციებს შესახებ საუბრისას, მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, რომ რაიმე კონკრეტული რეცეპტი ჯერ შემუშავებული არ არის და ეს სულაც არაა ცუდი, უფრო პირიქით, – კარგია.

– ეს არ უნდა იყოს 2-3, ან თუნდაც 4-5 პარტიის გაერთიანება, რომელიც შემდეგ სხვა პოლიტიკურ ძალებს გაუღებს კარს. პირველი და მეორე არავინ არ უნდა იყოს. საქართველოში ეს არ გამოვა. პროცესების ფორსირება საჭირო არ არის. ამიტომ, ჩვენ გულდასმით ვმსჯელობთ და ვაგრძელებთ მსჯელობას, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ოპოზიციური ერთობა, რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს ის. არანაირ მინუსებზე ლაპარაკი არ იქნება – ამან რა შედეგიც მოგვიტანა ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ვინც მოინდომებს ამ პროცესებში მონაწილეობის მიღებას, ამის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. სტატისტის როლში არავინ არ უნდა ჩავაყენოთ. ხოლო თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ შესაძლო გაერთიანებაში, ამის შესახებ მომავალში თავად პოლიტიკოსები ისაუბრებენ, – განმარტავს ზურაბ ნოღაიდელი.

მისივე თქმით, მიუნჰენში გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო ის, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ოპოზიციური გაერთიანების პლატფორმა. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, ამ საკითხში აჩქარება საჭირო არ არის.

– ყველაფერი კარგად უნდა მოვიქროთ და ავწონ-დავწონოთ, დიდი დრო უნდა დავუთმოთ მოსამზადებელ სამუშაოებს. საჭიროა, მოქმედებები კარგად მომზადებულებმა დავიწყოთ და არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, როდესაც სპონტანურ ქმედებებს წარმატები არ მოჰქონდა, – აღნიშნავს ზურაბ ნოღაიდელი.

მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ საჭირო არ არის ზედმეტი მოლოდინის შექმნა, თითქოს, ოპოზიციური გაერთიანება უკვე შედგა და სამოქმედო გეგმაც არსებობს.

– ჯერ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება და გამოხატოს მზადყოფნა პროცესში მონაწილეობის თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შედგეს ერთიანი მოქმედებების გეგმა, - აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

No comments:

Post a Comment