Tuesday, March 16, 2010

9 თებერვალს მოსკოვში გაფორმდა შეთანხმება მოძრაობას „სამართლიანი საქართველოსთვის" და პარტია „ედინაია როსიას" შორის


9 თებერვალს მოსკოვში გაფორმდა შეთანხმება მოძრაობას „სამართლიანი საქართველოსთვის" და პარტია „ედინაია როსიას" შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და „ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა: „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ, ჩვენს პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დოკუმენტია. იგი ფუნდამენტს უყრის ხვალინდელ დღეს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თანდათან გაუმჯობესდება, მტრობა მეგობრობით და პარტნიორული ურთიერთობებით შეიცვლება. მე ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. მადლობას ვუხდი ბორის ვიაჩესლავის ძეს მუსიკალური სიურპრიზისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ყველამ - პოლიტიკოსებმაც, კულტურის მოღვაწეებმაც და სხვა ჩვენმა თანამემამულეებმა. სოსო პავლიაშვილმა და ოლეგ გაზმანოვმა სწორი მიმართულებით გადადგეს ნაბიჯი. ჩვენს გზას მრავალი ქართველი პოლიტიკოსი დაადგა და დაიწყო განცხადებების კეთება იმის შესახებ, რომ დადგა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის, დიალოგის დაწყების დრო. ამისთვის ბევრი პოლიტიკური ლიდერი მზად არის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩარჩო-შეთანხმებას, მას ბევრი კონკრეტული ქმედება მოჰყვება. ჩვენ, უეჭველია, გავაგრძელებთ იმ საკითხების განხილვას, რომლებზეც გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ავიამიმოსვლის აღდგენა, ექსპორტის შესაძლო განახლება". პარტიათაშორისი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კომენტარი ბორის გრიზლოვმაც გააკეთა. - „ეს შეთანხმება ითვალისწინებს პარტიულ ურთიერთქმედებებს, რაც გულისხმობს კონსულტაციებს, ინფორმაციების და გამოცდილების გაცვლას პარტიული მშენებლობის საქმეში," - აღნიშნა „ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს საქართველოში მოქმედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, ბორის გრიზლოვმა განაცხადა: „სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონტაქტები „ედინაია როსიას" ამ ეტაპზე არა აქვს. თუ არსებობს ძალები, ვინც მზად არის მსჯელობისთვის, ამისთვის საჭიროა მომართვა განცხადებით შეხვედრების ორგანიზების თაობაზე, ჩვენს რეფერენტებთან დაკავშირება. ასეთი პროცედურები მოძრაობასთან „სამართლიანი საქართველოსთვის" წელიწადზე ნაკლებ დროში გავიარეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გავედით შეთანხმების გაფორმების ეტაპზე. თუ სხვა პარტიები მოისურვებენ თანამშრომლობას, მთავარია, ისინი იყვნენ ჯანსაღი ძალები, წარმოადგენდნენ ელექტორატის სერიოზულ ნაწილს და ამომრჩეველთა მასობრივი მხარდაჭერით სარგებლობდნენ".

No comments:

Post a Comment